მაია ფანჯიკიძე მირიამ საპიროს შეხვდა

მაია ფანჯიკიძე მირიამ საპიროს შეხვდა

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს მირიამ საპიროს შეხვდა. 

შეხვედრას საქართველოს დელეგაციიდან ასევე ესწრებოდა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი.

მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას და იმ სამუშაოებს, რაც ამ მიმართულებით ხორციელდება.

"როგორც საქართველო, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულნი არიან, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მაია ფანჯიკიძემ.

რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ხელშეკრულების გაფორმების საკითხს, მინისტრის ინფორმაციით, ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება იმის ფონზე, რომ საქართველო იწყებს უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიმართულებით.

"ჩვენ აშშ-სთან ამ თემაზე უმაღლეს დონეზე საუბრები დაწყებული გვაქვს. ახლა შევთანხმდით, რომ განხილული იქნება სხვადასხვა საშუალებები, სხვადასხვა მექანიზმები, თუ როგორ მოხდეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

მინისტრის განცხადებით, მირიამ საპიროსთან შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ ამერიკულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორებისა და ცვლილებების თაობაზე, რაც შრომის კოდექსის მიმართულებით გატარდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი და პარლამენტარები თინა ხიდაშელი, თედო ჯაფარიძე, ირაკლი ჩიქოვანი და დავით ონოფრიშვილი. დელეგაცია შეხვედრებს მართავს მართავს ამერიკის სენატსა და კონგრესში, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის და იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. საქართველოს დელეგაციიის სამუშაო ვიზიტი 16 ივლისს დაიწყო.