უჩა ნანუაშვილი:   ვანო მერაბიშვილს დარღვევებთან დაკავშირებით არ მოუმართავს

უჩა ნანუაშვილი: ვანო მერაბიშვილს დარღვევებთან დაკავშირებით არ მოუმართავს

ვანო მერაბიშვილს დარღვევებთან დაკავშირებით სახალხო დამცველისთვის არ მიუმართავს, - ამის შესახებ ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განუცხადა. 

რაც შეეხება საკითხს, იყო თუ არა საჭირო მერაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისიძიების სახით პატიმრობის შეფარდება, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ ეს გამოძიებამ უნდა დაადასტუროს, რამდენად მტკიცეა მიღებული გადაწყვეტილება.

"გამოძიებამ უნდა დაადასტუროს რამდენად მტკიცეა მიღებული გადაწყვეტილება აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობასთან დაკაშირებით, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ვანო მერაბიშვილს თავიდან ერთი ბრალდება ჰქონდა, შემდეგ სხვა მუხლებით მოხდა მისთვის ბრალის წაყენება. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე. რაც შეეხება დარღვევის ფაქტებს, ოჯახის წევრებს არსებული კანონმდებლობით უფლება არ აქვთ განახორციელონ ვიზიტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თავად ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ მოუნახულებია, თუმცა მისი წარმომადგენლები ე.წ. მატროსოვის ციხეში მერაბიშვილთან იმყოფებოდნენ.

"ვანო მერაბიშვილს დარღვევის ფაქტებზე ჩვენთვის არ მოუმართავს. ჩვენი წარმომადგენლები მასთან იმყოფებოდნენ და ზოგადად ყველა ყოფილი მაღალჩინოსნის საქმე სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა ბოლო თვეების განმავლობაში", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.