საზოგადოებრივი კონსულტაციებისა და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე ზედამხედველობის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა იმართება

საზოგადოებრივი კონსულტაციებისა და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე ზედამხედველობის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა იმართება

საზოგადოებრივი კონსულტაციებისა და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე ზედამხედველობის საკითხთან დაკავშირებით სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში შეხვედრა მიმდინარეობს. 

ღონისძიებაში, რომელიც ეუთო-ს "ოდირის" მიერაა ორგანიზებული მონაწილეობენ როგორც საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა გახსნა.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სანდრო ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ღია იყოს საკანონმდებლო მუშაობის, კანონპროექტების მომზადების პროცესი. ბარამიძის თქმით, ამ თვალსაზრისით იუსტიციის სამინისტროს ბევრი რამ აქვს სათქმელი.

"დემოკრატიულ სახელმწიფოს სხვა თვისებებთან ერთად ერთი მნიშვნელოვანი თვისება გააჩნია - საკანონმდებლო პროცესი მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს საზოგადოებისთვის. თავის მხრივ, საკანონმდებლო პროცესი მოიცავს არა მხოლოდ იმ პერიოდს, როდესაც კანონპროექტი პარლამენტში შევა და პარლამენტში განხილვა იწყება, არამედ მოიცავს პროცესს, როცა საერთოდ კანონპროექტზე მუშაობა იწყება და საქმე გვაქვს კანონპროექტის მომზადების სათავეებთან. ამ მხრივ იუსტიციის სამინისტროს ბევრი რამ აქვს სათქმელი და თითოეული კანონპროექტი, რომელიც ჩვენ აქამდე მოვამზადეთ მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე იყო საზოგადოებისთვის", - განუცხადა ჟურნალისტებს სანდრო ბარამიძემ.