გენადი ონიშენკო ქართული ალკოჰოლური სასმელების ხარისხით კმაყოფილია

გენადი ონიშენკო ქართული ალკოჰოლური სასმელების ხარისხით კმაყოფილია

რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი, "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელი გენადი ონიშენკო, ჯერჯერობით, ქართული ალკოჰოლური სასმელების ხარისხით კმაყოფილია. როგორც გენადი ონიშენკომ "ინტერფაქსთან" საუბარში განაცხადა, საქართველოდან რუსეთში უკვე შევიდა 600 ათას ლიტრზე მეტი ალკოჰოლური პროდუქცია და მათი ხარისხი კითხვის ქვეშ არ არის. 

"ქართული ალკოჰოლური სასმელების დაბრუნების შემდეგ, რუსეთში 6 კომპანიის პროდუქცია შევიდა, რომლის საერთო მოცულობა 617 077 ლიტრია", -განაცხადა ონიშენკომ.

მისივე თქმით, შესული პროდუქცია, ყველა დაშვებულ პარამეტერს აკმაყოფილება.

როგორც ონიშენკო აცხადებს, რუსულ ბაზარზე პროდუქციის შეტანის უფლება სულ 27 ქართულ კომპანიას მიეცა, თუმცა ამ ეტაპზე, პროდუქციის შეტანას 6 კომპანია ახორციელებს. დანარჩენებზე კი შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. 

რაც შეეხება "როსპოტრებნადზორის" ექსპერტების მესამე ჯგუფის ჩამოსვლას საქართველოში, ონიშენკოს განცხადებით, ამასთან დაკავშირებით, ყველა ქართულ კომპანიას არ წარუდგენია საჭირო დოკუმენტაცია და აქედან გამომდინარე, ინსპექტირების მესამე ეტაპის ჩატარების საკითხი აქტუალური არ არის.