საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დღეიდან ახალი ფორმა ექნება

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დღეიდან ახალი ფორმა ექნება

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დღეიდან ახალი ფორმა ექნება. ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა.

"ავღანეთში ყოფნისას თუ აქ წვრთნებისას, მე ვისმენდი ჯარისკაცების შენიშვნებს ფორმასთან დაკავშირებით. ეს შენიშვნები გავუზიარე "დემეტრე 96"-ის ხელმძღვანელობას და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს სიტუაცია სასწრაფოდ შეცვლილიყო, ამიტომ დღეიდან უკვე ახალი ფორმა ექნებათ ჩვენს ჯარისკაცებს. ქსოვლის ხარისხი არის ძალიან მაღალი – ორმაგად მაღალი ვიდრე აქამდე იყო. გმირ ჯარს, რომელიც მზადაა სიცოცხლის ფასად შესწიროს თავი ქვეყანას, მუშაობის ღირსეული პირობები უნდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ამ ვითარების ფუნდამენტურად შეცვლა", - განაცხადა ალასანიამ.

მისივე განმარტებით, ჯარისკაცებს გარკვეული შენიშვნები აქვთ სამხედრო ფეხსაცმელთან დაკავშირებითაც, რისი შეცვლაც ასევე მოიაზრება.

"დღესაც მქონდა "დემეტრე 96"-ში ამაზე საუბარი. ხელმძღვანელობამ ამიხსნა, რომ უახლოეს მომავალში შემოგვთავაზებენ ახალ მოდელს, რომელსაც ელოდება გამოცდა ქართველი სამხედროების წვრთნების პირობებში და თუ იქნება მაღალი სტანდარტის, ამაზეც ვითანამშრომლებთ "დემეტრე 96"-თან. ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის ჯარისკაცი, ამიტომაც მათ შევუქმნით ყველა ინფრასტრუქტურულ პირობას, რომ მოვალეობა ღირსეულად შეასრულონ", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.