ყაზახეთის ტურისტული კომპანიები ქართველი კოლეგების მუშაობით უკმაყოფილებას გამოთქვამენ

ყაზახეთის ტურისტული კომპანიები ქართველი კოლეგების მუშაობით უკმაყოფილებას გამოთქვამენ

„ქართული ტურისტული კომპანიები ძალიან სუსტები არიან“

ქართული ტურისტული კომპანიები ყაზახეთში მათი კონკურენტი თურქებისგან განსხვავებით ძალიან სუსტები არიან.

ყაზახეთის ტურისტული კომპანიები ქართველი ტურ-ოპერატორების მუშაობით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. როგორც ყაზახური მხარის წარმომადგენლები „ფაინენშალთან“ ამბობენ, ყაზახ ტურისტებს დიდი ინტერესი აქვთ საქართველოს მიმართ, თუმცა საჭირო ინფორმაციის ნაკლებობა ორმხრივ ურთიერთობას აზარალებს. კომპანია „მეჯიქ თრეველის„ წარმომადგენელი ამბობს, რომ ქართული ტურისტული კომპანიები ყაზახეთში მათი კონკურენტი თურქებისგან განსხვავებით ძალიან სუსტები არიან. მისი თქმით თურქები რეგულარულად სტუმრობენ ყაზახეთს, აწყობენ ინფო ტურებს და თუ ყაზახი ტურისტების მიზიდვის ინტერესი არსებობს, ქართველები უფრო აქტიურები უნდა იყვნენ.

ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი ამბობს, რომ კომპანიებს სახელმწიფოს დახმარების გარეშე შეუძლიათ ტურისტების მიზიდვაზე ზრუნვა. კიდევ ერთ პრობლემად ძვირი ავიაბილეთები და ჩარტერული რეისების არარსებობა სახელდება. ყაზახეთი საქართველოს ერთერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია, 2008 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ყაზახური ინვესტიცია ჩაიდო. ამჟამად საქართველოში 7 მსხვილი ყაზახური კომპანია საქმიანობს.