"ქართული ფოლადის" დირექტორი ნათია ჯაყელი "რუსთავის ფოლადს" პასუხობს

"ქართული ფოლადის" დირექტორი ნათია ჯაყელი "რუსთავის ფოლადს" პასუხობს.

ჯაყელი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "პირWელი" უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ არ ვაპირებთ, საზოგადოებას თავს მოვახვიოთ სამართლებრივი დავების (სამოქალაქო და სისხლის სამართლის) დეტალური განხილვა, რომელიც ინა გუდავაძის გუნდის ქმედებების გამოსაძიებლად მიმდინარეობს. ერთი თხოვნით კი მივმართავთ მასმედიასა და სამართალდამცავებს, უბრალოდ გაარკვიონ ვინ არის თომას ბლეიქი და რატომ აძლევს თავს უფლებას გაავრცელოს ქართულ სასამართლოზე ზეწოლის შემცველი განცხადებები და თუ იცის ასეთ შემთხვევაში რა მკაცრი ზომებს დაექვემდებარებოდა დიდ ბრიტანეთში, რომლის მოქალაქეც ბრძანდება? თომას ბლეიქს და შპს "რუსთავის ფოლადის" მფლობელებს ურჩევნიათ საზოგადოების რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას გასცეს პასუხი: 1. 2011 წლის 6 ივლისს რა შეთანხმებას მოაწერა ხელი ინა გუდავაძემ და მიხეილ სააკაშვილმა? 2. 2011 წლის 6 ივლისს რატომ შემოიყვანეს ჯარი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში და ძალის გამოყენებით რატომ წაართვეს კანონიერ მეპატრონეს თავისი ქარხანა? 3. როგორ მოიპარეს საქართველოს ბიუჯეტიდან, წინა ხელისუფლების მხარდაჭერით, სწორედ იმ წიდის ამორალური გადაყიდვებით 39 მილიონი ლარი? 4. რატომ ჰგავს გაჭრილი ვაშლივით ინა გუდავიძის და მისი ხელქვეითების განცხადებები, გიგი უგულავასა და გიორგი ვაშაძის განცხადებებს მიმდინარე სასამართლო საქმეებზე? 5. და საერთოდ, რატომ აძლევს ინა გუდავაძე და მისი გუნდი თავის თავს უფლებას დააშანტაჟოს ქართული სახელმწიფო, სასამართლო, საზოგადოება... ? ინა გუდავაძეს და მის გუნდს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ 2012 წლის პირველ ოქტომბერს "ნაციონალების" მმართველობა დასრულდა, რაც ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში შანტაჟის და სპეკულაციების დრო დამთავრდა", - ნათქვამია განცხადებაში.