სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციაზე მუშაობა უცხოელ ექსპერტებთან ერთად გრძელდება

სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციაზე მუშაობა უცხოელ ექსპერტებთან ერთად გრძელდება

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე: "სასჯელთა სახეები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გადასინჯვის ფარგლებში".

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ და ევროკავშირის პროექტის - "სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" - წარმომადგენელმა რ. ვინტერმა გახსნეს.

საერთაშორისო ორგანიზაცების - ევროკავშირის, გაერო-ს განვითარების პროგრამის, ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის ექსპერტებმა ქართველ კოლეგებთან ერთად სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციაზე იმსჯელეს. განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: სასჯელის მიზნების დახვეწა და სასჯელთა იერარქიის განსაზღვრა მათი სიმძიმის მიხედვით; მოსამართლის როლის გაზრდა სასჯელის შეფარდებისას; დამატებითი სასჯელების გამოყენების წესების განსაზღვრა; ჯარიმის რეგულირების გადასინჯვა, რათა კანონით დადგინდეს მისი ოდენობის განსაზღვრის წესი, ჯარიმის გამოყენების აკრძალვა, თუ ის არ არის დამატებით სასჯელად კერძო ნაწილის მუხლში გათვალისწინებული; სასჯელის ალტერნატიული ფორმების გადახედვა, კერძოდ, გამასწორებელი სამუშაოს, როგორც სასჯელის სახის გაუქმება, და მისი გარდაქმნა დროში გაწერილ ჯარიმად, რომელსაც მსჯავრდებული გადაიხდის გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

უცხოელმა ექსპერტებმა ქართველ იურისტებს ამ და სხვა საკითხებთან მიმართებაში ევროპული მიდგომები გააცნეს, კონფერენციაზე ისაუბრეს სასჯელის შესაბამისობაზე ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან სისხლის სამართალში, სასჯელის გადავადებისა და დანაშაულის გაქარწყლების პროცედურებზე.