დავით ზილფიმიანმა

დავით ზილფიმიანმა "პირველი სტერეო" დაიბრუნა

დავით ზილფიმიანმა ტელეკომპანია "პირველი სტერეო" დაიბრუნა. დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ, ზილფიმიანმა ტელეკომპანიის კარი დღეს პირველად შეაღო , მანამდე კი "პირველი სტერეოს" დალუქულ კარს ლუქი პროკურატურის წარმომადგენელმა ახსნა. ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და ექსპერტები. 

დავით ზილფიმიანი ტელეკომპანიაში შესვლის შემდეგ იქ არსებულ ვითარებას გაეცნო, სტუდიები, საწყობები და ტელეკომპანიის ოთახები დაათვალიერა. მისი თქმით, წაღებულია ტექნიკა და ყველაფერი დალეწილია.

"ეს არის ბარბაროსული აქტი. ტექნიკა წაღებულია, ყველაფერი დალეწილია, ცხადია, რომ სამართლებრივი გზით, როგორც დირექტორობა დავიბრუნეთ ისე დავიბრუნებთ ყველაფერს", - აღნიშნა ზილფიმიანმა.

მისივე თქმით, უცნობია, როდის მოხერხდება კომპანიის ამუშავება, რადგან აღარ არსებობს ტექნიკა და გაფუჭებულია ტელეკომპანიაში ყველაფერი. როგორც მან აღნიშნა, ის ეცდება, რომ ტელეცენტრს სიგნალი რაც შეიძლება მალე მიეწოდოს. თუმცა დასძინა, რომ ტელეკომპანია, საიდანღაც ახლაც უკანონოდ მაუწყებლობს.

"ყველაფერი რაც გაკეთებული მქონდა წყალში გადამიყარეს და ყველაფერი თავიდან გასაკეთებელია. როგორც სამართლებრივი გზით დავბრუნდით, ისე სამართლებრივი გზით უნდა ვაიძულოთ ამის ჩამდენები, რომ ყველაფერი აანაზღაურონ და ყველაფერი დაგვიბრუნონ", - აღნიშნა ზილფიმიანმა.