ირაკლი ალასანია რეზერვის გეგმაში კორექტივების შეტანას აპირებს

ირაკლი ალასანია რეზერვის გეგმაში კორექტივების შეტანას აპირებს

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია რეზერვის გეგმაში კორექტივების შეტანას აპირებს. როგორც თავდაცვის მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვის დოკუმენტი მაისში იქნა დამტკიცებული. 

მისი თქმით, დოკუმენტი წარმოადგენს შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს განვითარების გეგმას, რომელიც თანხვედრაშია მინისტრის და სამინისტროს ხედვასთან.

"ამ გეგმაში სპეციალური თავი რეზერვს ეთმობა. წარმოდგენილი ვარიანტი სამი ტიპის რეზერვით არის განსაზღვრული. ეს არის: ოპერატიული რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სამოქალაქო თავდაცვის რეზერვი. ამ გეგმაში მე ვაპირებ სერიოზული კორექტივები შევიტანო," – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, ყველა ნაბიჯი და ყველა გეგმა ეფუძნება ბიუჯეტს.

"მე ვვარაუდობ, რომ 2 კვირის განმავლობაში საუბარი გვექნება ეროვნულ გვარდიასთან, გაერთიანებულ შტაბთან და უკვე ჩვენს მიერ დაკორექტირებული რეზერვის მომზადების მობილიზების გეგმა ეტაპობრივად დაიწყებს ამოქმედებას," – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.