ირაკლი ალასანია:   ავღანეთში ჩვენი მისიის კორექტირება საქმეში ჩაუხედავი ადამიანების განცხადებაა

ირაკლი ალასანია: ავღანეთში ჩვენი მისიის კორექტირება საქმეში ჩაუხედავი ადამიანების განცხადებაა

ავღანეთში საქართველოს მისიის კორექტირება საქმეში ჩაუხედავი ადამიანების განცხადებაა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა , ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, მას შემდეგ, რაც ავღანეთში ბოლო თავდასხმა მოხდა, ექსპერტები მისიის კორექტირებაზე საუბრობენ, ალასანიამ განმარტა, რომ მისია 2014 წლის ბოლომდე უკვე განსაზღვრულია.

"ამ მისიის შესრულებას ჩვენ ვაპირებთ ბოლომდე, როგორც პასუხისმგებლობით სავსე სახელმწიფო და შეიარაღებული ძალები. 2014 წლის ბოლოს საქართველოს შეირაღებული ძალები სრულად დავტოვებთ ავღანეთს და შემდეგ დაგეგმილ მისიაში, შინაარსობრივად ახალ მისიაში მივიღებთ მონაწილეობას",-განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, თუ რა ფორმით გაგრძელდება 2014 წლის შემდეგ ავღანეთის მისია, დეტალები მიმდინარე წლის ოქტომბერში იქნება ცნობილი. "ოქტომბერში, აისაფ-ის მინისტრებს ნატო-ს სამხედრო სარდლობა გააცნობს ოპერატიულ გეგმებს",-დასძინა ალასანიამ.

როგორც თავდაცვის მინისტრი აცხადებს, საქართველოს და ნატო-ს კვლევით, თალიბანის გააქტიურება არც ერთ შემთხვევაში არ არის მიმართული ქართველი სამხედროების მიმართ.

"ზოგადად, მეამბოხეების ძალიან მაღალი აქტიურობა არის, აქედან გამომდინარე, ჩვენი რეკომენდაციები, რომელიც მივეცით, ნატო-ს სარდლობის მიერ გაზიარებული იქნა", - დასძინა ალასანიამ.