სექტემბრიდან ვეტერანთა დეპარტამენტი დამოუკიდებელ სამთავრობო ერთეულად ჩამოყალიბდება

სექტემბრიდან ვეტერანთა დეპარტამენტი დამოუკიდებელ სამთავრობო ერთეულად ჩამოყალიბდება

სექტემბრიდან შეიარაღებულ ძალებში და გაერთიანებულ შტაბში არსებული ვეტერანთა დეპარტამენტი თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურას გამოეყოფა და დამოუკიდებელ სამთავრობო ერთეულად ჩამოყალიბდება. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებს განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა განხორციელება დამოკიდებულია ბიუჯეტის ცვლილებაზე.

"სექტემბრიდან ჩვენ შეიარაღებულ ძალებში და გაერთიანებულ შტაბში არსებული ვეტერანთა დეპარტამენტი გამოეყოფა თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურას და დამოუკიდებელ სამთავრობო ერთეულად ჩამოყალიბდება. ეს გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ ძალაში შესვლა დამოკიდებულია ბიუჯეტის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ სექტემბერში იქნება ფორმალიზებული", - განაცხადა მინისტრმა.

ალასანიას თქმით, მან უკვე მისცა დავალება ვეტერანთა დეპარტამენტს, რომ დაეწყოთ მუშაობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად, რათა დაზუსტდეს იმ ოჯახების რიცხვი და იდენტიფიცირებული იქნას ის პირები, რომლებიც ამ 1000 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

"როცა ეს უწყება გახდება დამოუკიდებელი, ის პასუხისმგებელი იქნება ვეტერანთა პოლიტიკის წარმოებისა და ჩვენი ვეტერანების სოციალურად დაცვის პოლიტიკაზეც", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.