საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის მონიტორინგის შედეგად გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის მონიტორინგის შედეგად გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა

არასამთავრობო ორგანიზაცია "ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრმა" საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ შეთანხმების განხორციელების მონიტორინგის შედეგად გარკვეული პრობლემები და ხარვეზები გამოავლინა. 

შესაბამისი კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" იმართება.

როგორც პრეზენტაციის გამართვამდე ჟურნალისტებს აღნიშნული ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო გაგნიძემ განუცხადა, ხელშეკრულება პრაქტიკაში სრულდება, თუმცა კვლევის შედეგად გარკვეული სახის ხარვეზები დაფიქსირდა.

"მონიტორინგის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ხელშეკრულება პრაქტიკაში სრულდება რაც პოზიტიურად უნდა შევაფასოთ, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით პრობლემებსა და ხარვეზებს, რომელიც მისი შესრულების პროცესში გამოიკვეთა. მაგალითად: როგორც ცნობილია, ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის პროცედურის გამარტივებას რამდენიმე საკითხთან მიმართებაში – ეს ეხება სავიზო საფასურს, წარსადგენ დოკუმენტაციას, განცხადების განხილვის ვადებს და მრავალჯერადი ვიზების გაცემის საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ოთხივე საკითხი სრულდება, ვერ ვიტყვით, რომ ხელშეკრულების დადგენილი პირობები, რეალურად გამარტივდა საქართველოს მოქალაქეებისთვის. იგივე წარსადგენი დოკუმენტაციების ნაწილში. მართალია მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად ხელშეკრულებით ერთი დოკუმენტაციის წარდგენაა საკმარისი, თუმცა საკონსულოები კვლავ აგრძელებენ დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნას და ეს ტენდენცია მონიტორიგმა აჩვენა, რაც ერთ-ერთ ხარვეზად იქნა იდენტიფიცირებული. ასევე როცა ვსაუბრობ მრავალჯერად ვიზებთან დაკავშირებით, ის გაიცემა, მაგრამ ყურადღება მისაქცევია მისი ვადები. ხშირად მრავალჯერადი ვიზების გაცემა ხდება ერთი ან ორი კვირის. ან კიდევ ერთი თვის ვადით, რაც რეალურად არ არის ის გონივრული ვადა, რა ვადაშიც საქართველოს მოქალაქე შეიძლება მრავალჯერ შევიდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე. რაც შეეხება რიგებს, რომელიც იდგა ხოლმე საკონსულოებთან, ამ მხრივ. ვითარება შეცვლილია და რიგები შემცირებულია. უფრო მეტად ხდება ელექტრონულ ფორმატში ურთიერთობა," – განაცხადა ნატო გაგნიძემ.
აღნიშნულის კონტექსტში, ორგანიზაცია სახელმწიფოს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს.

კვლევა შემუშავებულია პროექტის "ადამიანის უფლებები რეადმისიისა და სავიზო პროცედურების გამარტივების შესახებ ხელშეკრულებების იმპლემენტაციისას" ფარგლებში.
პროექტი განხორციელდა საქართველოში ევროკავშირის წარმომდგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.