ირაკლი ალასანია:  ავღანეთში ქართველ სამხედროებს ბევრად უსაფრთხო გარემოში უწევთ მისიის შესრულება

ირაკლი ალასანია: ავღანეთში ქართველ სამხედროებს ბევრად უსაფრთხო გარემოში უწევთ მისიის შესრულება

ავღანეთში მდებარე ორი ბაზა, რომელიც უნდა დახურულიყო, დაიხურა და ქართველი სამხედროები დისლოკაციის სხვა ადგილას არიან გადასულები. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, გუშინწინ დაბრუნდა ავღანეთიდან ბოლო მივლენილი დელეგაცია, გენერალ ვახტანგ კაპანაძის და თავდაცვის მინისტრის მოადგილის თაოსნობით. ალასანიას განცხადებით, მათ მიერ შემოწმდა, თუ როგორ შესრულდა ის შეთანხმებები, რომელიც ერთი თვის წინ, ავღანეთში მისი ვიზიტისას იქნა მიღწეული.

"მომახსენეს, რომ ყველა შეთანხმება შესრულებულია. ორი ბაზა, რომელიც უნდა დახურულიყო, დაიხურა და ქართველი სამხედროების დისლოკაციის სხვა ადგილას არიან გადასულები. ყველა საინჟინრო თავდაცვითი ნაგებობა, რომელიც დაგეგმილი იყო, უკვე დასრულებულია. ქართველ სამხედროებს ბევრად უსაფრთხო გარემოში უწევთ მისიის შესრულება. ადამიანურად, შესაძლებლის მაქსიმუმი გაკეთდა, რომ უზრუნველგვეყო არსებული უსაფრთხოების ვითარებაში ჩვენი ჯარისკაცების მისიის უსაფრთხო წარმოება", - განაცხადა ალასანიამ.