საქალაქო სასამართლოსთან მრევლი, უფლებადამცველები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილები

საქალაქო სასამართლოსთან მრევლი, უფლებადამცველები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილები

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მრევლი, უფლებადამცველები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილები. სასულიერო პირების სასამართლო პროცესის საქალქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული. პროცესის დაწყებამდე საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია გაიმართა, სადაც სასულიერო პირების, ბრალდებულების მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილისა და იოთამ ბასილაიას მხარდაჭერები მათ მიმართ ბრალის წაყენებას აპროტესტებენ. 

როგორც პროცესის დაწყებამდე "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, მას გამამართლებელი განაჩენის იმედი აქვს იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო ბრალდებას არა აქვს საკმარისი მტკიცებულებები სასულიერო პირების წინააღმდეგ.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ჯონდი ბაღათურიამაც, რომელიც აცხადებს, რომ თუკი სასულიერო პირები რაიმე ქმედებაში არიან დამნაშავეები, ეს ეკლესიის შიდა საქმეა და ამაზე რეაქცია სწორედ ეკლესიამ უდნა მოახდინოს.

17 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს - სამების ტაძრის არქიმანდრიტ ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი 23 მაისს წაუყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფას, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლას გულისხმობს.

აღნიშნული მუხლით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ერთ წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამ წლამდე ვადით.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების გაცვლა უნდა მოხდეს, თუმცა დაცვის მხარის ადვოკატები აცხადებენ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ საქმის მასალებს არ იცნობენ, პროცესზე დააყენებენ შუამდგომლობას პროცესის გადადების შესახებ.