საგარეო უწყება:   თურქეთის საზღვარზე მოქმედებს ის საგადასახადო რეჟიმი, რომელიც თურქეთის მხარის რეგულაციებით არის განსაზღვრული

საგარეო უწყება: თურქეთის საზღვარზე მოქმედებს ის საგადასახადო რეჟიმი, რომელიც თურქეთის მხარის რეგულაციებით არის განსაზღვრული

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის საზღვარზე მოქმედებს ის საგადასახადო რეჟიმი, რომელიც თურქეთის მხარის რეგულაციებით არის განსაზღვრული. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ტაბატაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, 2013 წლის 30 ივნისიდან თურქეთის ტერიტორიაზე ამოქმედდა დროებით სანომრე ნიშნიანი დახურული ფურგონის ტიპის სატრანსპორტო საშუალებებზე დაწესებული სატრანზიტო გადასახადი.

კერძოდ: დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ეს შეადგენს 1200 ევროს, ხოლო ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის - 600 ევროს.

აღსანიშნავია, რომ მითითებული გადასახადი ჯერ კიდევ 2010 წლის მარტში შემოიღეს, თუმცა მისი მოქმედება საქართველოს მოქალაქეებისთვის რამდენჯერმე იყო გადავადებული, კერძოდ, 2010 წლის 1 მაისამდე, 2010 წლის 1 სექტემბრამდე და ამის შემდეგ 2013 წლის 30 ივნისამდე.

გიორგი ტაბატაძის განცხადებით, თურქეთის საზღვარზე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების დაბეგვრა კვლავ განახლდა 2013 წლის 1 ივლისიდან, რის შესახებაც, თურქეთის მხარემ წინასწარ აცნობა საქართველოს მთავრობას.

როგორც საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, საშეღავათო რეჟიმის გახანგრძლივებისა და საკითხის მოგვარების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ამ ეტაპზე, აქტიურ მუშაობას აწარმოებს თურქულ მხარესთან, თუმცა ჯერჯერობით, რაიმე ცვლილება ამ მიმართულებით არ არის. შესაბამისად, საზღვარზე მოქმედებს ის საგადასახადო რეჟიმი, რომელიც თურქეთის მხარის რეგულაციებით არის განსაზღვრული.

"ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, რომლებიც მოძრაობენ აღნიშნული სახის სატრასპორტო საშუალებებით, უკავშირდებიან მედიას და მათი მეშვეობით დახმარებას გვთხოვენ საქართველოს ხელისუფლებას და საკონსულო დაწესებულებებს, რომ მოხდეს მათი შემოშვება თურქეთის საზღვარზე გადასახადის გარეშე. თუმცა, გვინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ სატრანზიტო გადასახადი დაწესებულია თურქეთის ხელისუფლების მიერ და იგი ვრცელდება არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, არამედ, თურქეთის ტერიტორიაზე შემავალ ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე. უბრალოდ, ის საშეღავათო პერიოდი, რომელიც მოქმედებდა საქართველოსთვის, დასრულდა და საკითხის გადაწყვეტამდე საქართველოს მოქალაქეებს მოუწევთ დაემორჩილონ თურქეთის მხარის მიერ დაწესებულ რეგულაციებს", - დასძინა გიორგი ტაბატაძემ.