"საბაში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა, კანცელარიის წინ ავეჯი მიიტანეს

სავაჭრო სახლ "საბას" დაზარალებულები ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ. სავაჭრო სახლ "საბას" თანამშრომლები სახელმწიფო კანცელარიის შენობის წინ აქციას მართავენ. 

სავაჭრო სახლ "საბაში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა, დღეს კანცელარიის წინ ავეჯი მიიტანეს. ისინი ასევე მისულები არიან პლაკატებითა და ფოტოებით, სადაც ასახულია ხანძრის შედეგად განადგურებული სავაჭრო სახლის შენობა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ პრემიერ-მინისტრი შეხვდეს და თუ ბიძინა ივანიშვილი ამას პირადად ვერ მოახერხებს, მაშინ მისი რომელიმე წარმომადგენელი.

დაზარალებულები აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად, 124 შპს-ს ქონება სრულად დაეწვა. აქციის მონაწილეები ფინანსთა მინისტრისაგან ითხოვენ, რომ უშუამდგომლოს მათ ბანკებთან და სარეზერვო ფონდიდან მოხდეს მათი ზარალის ანაზღაურება.

დაზარალებულთა განცხადებით, 5 თვეა სხვადასხვა უწყებებს მიმართავენ, თუმცა ხელისუფლება მათი პრობლემების მიმართ გულგრილია. მათი თქმით, ფინანსთა მინისტრს შეხვდნენ და ბანკებთან შუამდგომლობა სთხოვეს, თუმცა ფინანსთა მინისტრმა განუცხადა, რომ მისთვის აუდიტის დასკვნა წარედგინათ. აქციის მონაწილეეების განმარტებით, როდესაც აუდიტის დასკვნა წარადგინეს, ფინანსთა მინისტრმა სარეზერვო ფონდიდან ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ აუდიტის დასკვნას არ ენდობა.