ზურაბ ჭიაბერაშვილი:   კვლევები აჩვენებს, რომ საზოგადოებაში ქვეყნის განვითარების კუთხით ნელ-ნელა მატულობს უკმაყოფილება

ზურაბ ჭიაბერაშვილი: კვლევები აჩვენებს, რომ საზოგადოებაში ქვეყნის განვითარების კუთხით ნელ-ნელა მატულობს უკმაყოფილება

NDI - ს კვლევები მიანიშნებს, რომ საზოგადოებაში ქვეყნის განვითარების კუთხით ნელ-ნელა მატულობს უკმაყოფილება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, NDI - ს კვლევებში შემცირებულია პროცენტული რაოდენობა იმ ადამიანებისა ვინც ფიქრობდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. 

"ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა 1-ელ ოქტომბერს მოვიდა უხვი დაპირებებით, დაწყებული ბენზინის ფასის შემცირებიდან ელექტროენერგიის ტარიფის 5 თეთრამდე დაწევით, თუმცა რეალურად, მათ ვერაფერი ვერ გააკეთეს. დაკარგულია უამრავი სამუშაო ადგილი", - განაცხადა ზურა ჭიაბერაშვილმა.

მისივე განცხადებით, დღეს კახეთში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რადგან ატმის უხვი მოსავალი მოვიდა, გლეხები კი მის რეალიზაციას ვერ ახდენენ.

"წინა წელთან შედარებით ატმის ფასი წელს საკმაოდ იაფია, თუმცა გლეხები მის გატანას აზერბაიჯანულ ბაზარზე ვერ ახერხებენ და მათ უმრავლესობას მოსავალი უფუჭდება", - განაცხადა ზურა ჭიაბერაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, იმის მაგივრად, რომ ქვეყანა ეკონომიკურად წინ მიდიოდეს, პირიქით, სერიოზული ვარდნა აქვს.

ზურა ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამივე პრაიმერში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა. მისი თქმით, სერიოზული პოლიტიკური დევნის მიუხედავად, "ნაციონალურ მოძრაობამ" მაინც შეძლო და ატარებს პრაიმერს.

"ნაციონალების" რაიონულ ორგანიზაციებში, პრაიმერებში დაახლოებით 500 ადამიანი მონაწილეობს, ბაქრაძე გამოიკვეთა როგორც ლიდერი" , – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.