ლაშა ტუღუში:  შსს-მ უკანონო ფარული ჩანაწერების ამსახველი დამატებით 5 000 ახალი ფაილი აღმოაჩინა

ლაშა ტუღუში: შსს-მ უკანონო ფარული ჩანაწერების ამსახველი დამატებით 5 000 ახალი ფაილი აღმოაჩინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ფარული ჩანაწერების ამსახველი დამატებით 5 000 ახალი ფაილი აღმოაჩინა, - ამის შესახებ გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა, შს სამინისტროში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრმა ლაშა ტუღუშმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ლაშა ტუღუშის ინფორმაციით, ორი დღის წინ გაიმართა კომისიის სხდომა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ბოლო ორი-სამი კვირის მანძილზე, შსს-მ დამატებით კიდევ 5 000 ფაილი აღმოაჩინა. ტუღუშის განცხადებით, მან არ იცის თუ სად მოხდა ახალი მასალების აღმოჩენა. მისივე ინფორმაციით, შსს-ში უკანონო ფარული ჩანაწერების 12 000-მდე ფაილი ინახებოდა და ახლა მათმა 17 000-ზე მეტი შეადგინა.

ტუღუშის ინფორმაციით, აღმოჩენილი მასალები პოლიტიკური შინაარსისაა, რაც გულისხმობს პოლიტიკური პარტიების, მათი ლიდერების, ოფისების, მოლაპარაკებების, შესაძლო საიდუმლო საუბრების და ფინანსურ აქტივობებთან დაკავშირებულს ინფორმაციას.

"ვითარება არის ისეთი, რომ ახალი ინფორმაციები სოკოებივით იზრდება, მუდმივად ხდება სადღაც, რაღაცების აღმოჩენა, მომავალშიც უნდა ველოდოთ სიურპრიზებს", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

მისივე თქმით, კომისია საქართველოს მთავრობის მრჩეველის თომას ჰამერბერგის რეკომენდაციებს ელოდება, რომელიც ერთ კვირაში დაიდება.

ლაშა ტუღუშის ინფორმაციით, თომას ჰამერბერგი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკის შესაბამისად რეკომენდაციებს წარმოადგენს. ტუღუშის განცხადებით, ჰამერბერგის რეკომენდაციებს იურიდიული, სავალდებულო ძალა არ აქვს, თუმცა მისი ცოდნა მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის.

ლაშა ტუღუშის განცხადებით, გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო მასალები უნდა განადგურდეს, არ შეცვლილა.