უსუფაშვილი ამაყობს, რომ ეს პარლამენტი უფრო ხმაურიანია, ვიდრე წინა მოწვევის პარლამენტი იყო

უსუფაშვილი ამაყობს, რომ ეს პარლამენტი უფრო ხმაურიანია, ვიდრე წინა მოწვევის პარლამენტი იყო

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამაყობს, რომ ეს პარლამენტი უფრო ხმაურიანია, ვიდრე წინა მოწვევის პარლამენტი იყო. 

ამის შესახებ უსუფაშვილმა "ჰოლიდეი ინნ-ში" საპარლამენტო ეთიკის შესახებ მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.

"ბოლო რვა თვის განმავლობაში ყველა თემაზე გვქონდა მსჯელობა და დებატები, ჩვენ გვქონდა საუბარი ეთიკის კოდექსზეც, მაგრამ არ გვისაუბრია იმ ტერმინებზე, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. დიახ, ჩვენ ვამაყობთ, რომ ეს პარლამენტი უფრო ხმაურიანია, ვიდრე წინა იყო. თუ არ არის ხმაური და დებატები, მათ შორის ემოციური, მაშინ საზოგადოებაში იქნება მწვავე დებატები, რაც ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. პარლამენტში კიდევ უფრო ცხარე დებატებია საჭირო, მაგრამ თუ მეორე კომპონენტს არ მივაქცევთ ყურადღებას, საზოგადოება უარყოფითად განეწყობა პარლამენტის მიმართ", – განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმ საერთაშორისო პრაქტიკაზეც ისაუბრა, რომელიც პარლამენტარების ერთმანეთისადმი მიმართვის ფორმებს არეგულირებს.

"ეს ფრაზეოლოგია საშუალებას მოგვცემს ეკამათო აზრს და არა პიროვნებას", - განაცხადა უსუფაშვილმა.