"თუ პირმა შესაძლო დანაშაული ჩაიდინა, ის უნდა გასამართლდეს, არ აქვს მნიშვნელობა სასულიერო პირია, თუ საერო მოღვაწე"

მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, "თუ პირმა შესაძლო დანაშაული ჩაიდინა, ის უნდა გასამართლდეს, არ აქვს მნიშვნელობა სასულიერო პირია, თუ საერო მოღვაწე".

ასე გამოეხმაურა კბილაშვილი 2 სასულიერო პირის სასამართლო პროცესს, რომლებსაც ბრალი 17 მაისს რუსთაველზე მომხდარი ინციდენტის გამო წაუყენეს.

"თუ პირმა შესაძლო დანაშაული ჩაიდინა, ეს უნდა იქნას ამისთვის გასამართლებრული, არ აქვს მნიშვნელობა სასულიერო პირია, თუ საერო მოღვაწე. რა თქმა უნდა, ვგრძნობთ სიმძიმეს იმისა, რომ როდესაც ბრალდება წარდგენილია სასულიერო პირის მიმართ, სენსიტიურობა მატულობს, მაგრამ ამის ხარჯზე არ შეიძლება, სტანდარტის დარღვევა და უთანასწორო პოზიციის დამკვიდრება. აქედან გამომდინარე, რაც ღია სასამართლოს შედეგად დადგინდება, ის შედეგი იქნება ყველას მიერ გაზიარებული", - განაცხადა კბილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილის და მამა იოთამ ბასილაიას სასამართლო პროცესი გაიმართება.