პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსანთა საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი საუბრობს

პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსანთა საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი საუბრობს

პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე მამუკა ივანიაძის გარდა სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსანთა საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი საუბრობს.
პროფესორი ზაზა მახარობლიძე, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროში როგორც სპეციალისტი იყო მიწვეული, "კვირის პალიტრასთან" საუბარში აცხადებს, რომ მათი დაკითხვა კანონდარღვევით მიმდინარეობდა.

"ჩვენი დაკითხვები მიმდინარეობდა კანონდარღვევით, ძირითადად, ღამის საათებში. ჩვენზე ზეწოლას ახდენდა პროკურორი შ. რიჟამაძე ოთხი გამომძლიებლის თანდასწრებით. ეს ხდებოდა მოდულში, საგამოძიებო ნაწილის უფროსის, ჯამასპიშვილის კაბინეტში. იყო მუქარა, შანტაჟი, შეურაცხყოფა. ჯამასპიშვილი მე და პროფესორ ქარჩავას გვეუბნებოდა, პროფესორების დაკავება არ გვჭირდებაო, მხოლოდ ჩვენება უნდა მიგვეცა მათთვის სასურველ პირებზე და თუ არ დავთანხმდებოდით, ციხეში გაგვიშვებდნენ. საინტერესოა, ვის ინტერესებში შედიოდა ამ ბინძური შანტაჟით მეცნიერების ციხეში გამომწყვდევა, მაშინ როდესაც სხვა საქმეებზე ანალოგიურ დანაშაულში ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ყველაფერი ეს ემსახურება ჩვენგან სასურველი ჩვენებების გამოძალვას, ვინაიდან ბრალდების მხარეს არ გააჩნია მტკიცებულებები ჩვენთვის წარდგენილი ბრალდებების დასასაბუთებლად", - აცხადებს ზაზა მახარობლიძე.

მისივე შეფასებით, მეცნიერებისთვის წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლო, პროფესიული თვალსაზრისით სრული უვიცობა და ტენდენციურია.

"მეცნიერებს ბრალი დაგვდეს, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამისთვის საკმარისი იყო თურქული წარმოების "ნიუ ჰოლანდ თD5 110" მარკის 110 ცხ.ძ-იანი ტრაქტორი და ჩვენ კი რეკომენდაცია მივეცით 117 ცხ.ძ-იან ჩეხურ "ზეტორ პროქსიმა 120"-ს. ეს ბრალდება უსაფუძვლო, პროფესიული თვალსაზრისით სრული უვიცობა და ტენდენციურია "ჯითი ჯგუფის" სასარგებლოდ. ეს კომპანია კომისიას ნაკლები სიმძლავრის თურქულ ტრაქტორს სთავაზობდა, რომელსაც რეკომენდაციას ვერ მივცემდით. კომისიის მუშაობის დროს "ჯითი ჯგუფისა" და "მსოფლიო ტექნიკის" ხელმძღვანელი ზვიად ბრეგვაძე პროვოკაციულად ითხოვდნენ მათი ტექნიკის შესყიდვას და აპელირებდნენ იაფი ფასებით. ლაპარაკია თურქული წარმოების ტრაქტორებზე, რომლებსაც ტესტიც კი არ გაუვლიათ, პლასტმასის კბილანებითა და პლასტმასის კარდანით აწყობილ სათესებსა და კულტივიტარობზე. ქვეყანაში მათი შემოტანა სახელმწიფო დანაშაული და სახელმწიფო პროგრამის საბოტაჟი იყო. ალბათ, ადვილი გასაგებია, რატომ სთავაზობდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრს და პროვოკაციულად მოუწოდებდნენ, შეესყიდა იაფფასიანი თურქული ტრაქტორები ჯერ კიდევ მანამადე, სანამ კომისია შეიქმნებოდა და დასკვნას წარმოადგენდა. ეს იყო პირადი ინტერესების გატარების მცდელობა", - განმარტავს ბრალდებული.