გეგუთის ციხეში პატიმართა ოჯახის წევრების შეურაცხყოფაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო

გეგუთის ციხეში პატიმართა ოჯახის წევრების შეურაცხყოფაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო

სასჯელაღსრულების სამინისტრომ გეგუთის საპყრობილეში პატიმართა ოჯახის წევრების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი კორძაიამ განუცხადა.

მისი განმარტებით, უწყებას ამ თემაზე ოფიციალური საჩივარი არ მიუღია, თუმცა, მოკვლევა არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიმდინარეობს. "მსჯავრდებულთა მონათხრობის დადასტურების შემთხვევაში კანონი სრული სიმკაცრით ამოქმედდება", - აღნიშნა ირაკლი კორძაიამ.

გეგუთის ციხეში მყოფი მსჯავრდებულები საპყრობილის გარე პერიმეტრის დაცვის უფროსს ვაჟა ნაცვლიშვილს მათი ოჯახის წევრების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. პატიმრების ინფორმაციით, ნაცვლიშვილი შეხვედრაზე მისულ მათ ახლობლებს დამამცირებლად ეპყრობა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს. აღნიშნულის გამო მსჯავრდებულები შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავენ.