პროკურატურა სტანდარტად იღებს, რომ არაძალადობრივი დანაშაულისას დაკავება-დაპატიმრებისგან თავი შეიკავოს

პროკურატურა სტანდარტად იღებს, რომ არაძალადობრივი დანაშაულისას დაკავება-დაპატიმრებისგან თავი შეიკავოს

პროკურატურა სტანდარტად იღებს, რომ არაძალადობრივი დანაშაულისას თავი შეიკავოს დაკავება-დაპატიმრებისგან, როდესაც ამის კრიტიკული აუცილებლობა არ არის, - ამის შესახებ, მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გუშინ, ჟურნალისტებს განუცხადა სასტუმრო "თბილისი მარიოტში", სადაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში წინასწარი პატიმრობისა და გირაოს გამოყენების პრაქტიკის საკითხზე შეხვედრა გაიმართა.

მისი განმარტებით, აღნიშნული პროცესი მყისიერი არ არის და ამას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა, საჭიროა საზოგადოების წინაშე საინფორმაციო ხასიათის საქმიანობის ჩატარება, რათა საზოგადოებამ შეძლოს გათავისუფლდეს ძველი აზროვნებისგან, როდესაც პირის დაპატიმრება ან დაკავება მის დამნაშავეობას ნიშნავდა.

"ჩვენ სტანდარტად ვიღებთ ვისწრაფოთ, არაძალადობრივ დანაშაულზე თავი შევიკავოთ დაკავება-დაპატიმრებისგან, როცა ამის კრიტიკული აუცილებლობა არ არის. შევთანხმდით, რომ საჭიროა საზოგადოების წინაშე საინფორმაციო ხასიათის საქმიანობა, რათა საზოგადოებამ შეძლოს გათავისუფლდეს ძველი აზროვნებისგან, როდესაც პირის დაპატიმრება, თუ დაკავება მის დამნაშავეობას ნიშნავდა. როცა ეს დღეს ასე აღარ არის, ამას ხელისუფლების სისუსტედ მიიჩნევენ, ეს უნდა აღმოიფხვრას", – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, შესაძლოა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად შეიქმნას სპეციალური სამსახური, რომელიც პირის ბრალდებულად ცნობიდან განაჩენის გამოტანამდე, თავისუფლებაში დარჩენილ ბრალდებულზე მონიტორინგისა და კონტროლის ფუნქციას აიღებს. არჩილ კბილაშვილის ცნობით, აღნიშნული ინიციატივა შეხვედრაზე ყველამ მოიწონა. მთავარ პროკურორს მიაჩნია, რომ უნდა ჩატარდეს ტრენინგი პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის.

"შესაძლოა მაღალ სტანდარტზე გადასვლამ რაოდენობრივი თვალსაზრისით შეამციროს ამ ტიპის დანაშაულის გამოვლენა, მაგრამ მიჩნეულია, რომ ეს არის სტანდარტის ფარგლებში სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების წესი", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში წინასწარი პატიმრობისა და გირაოს გამოყენების პრაქტიკის თაობაზე შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მთავარი პროკურატურის ინიციატივას მხარი დაუჭირა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის საელჩოს, შს საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე, ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები.
მთავარი პროკურორის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყველა გადაწყვეტილება მიღებული იყო კონსენსუსის გზით.