თელავში

თელავში "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა

თელავში "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა. კენჭისყრის შედეგებით, მეორე ადგილზე გავიდა შოთა მალაშხია, მესამეზე - გიორგი ბარამიძე, ხოლო მეოთხეზე – ზურაბ ჯაფარიძე. კენჭისყრაში 566 დელეგატი მონაწილეობდა. დავით ბაქრაძემ მათ ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და საზოგადოებას მომავალში მაქსიმალურ გახსნილობასა და გულწრფელობას დაჰპირდა. 

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, მომავალშიც ისევე გულწრფელად ისაუბრებს ქვეყნის წინაშე მდგარ სირთულეებზე, როგორც დღევანდელი დებატებისას.

"დღევანდელი დღე არის ყველა იმ ადამიანის გამარჯვება, ვისაც უნდა, "ნაციონალური მოძრაობა" ჩამოყალიბდეს ახალ პარტიად, სადაც გადაწყვეტილებას იღებს ხალხი და პარტიის ყველა წევრი. ჩვენ დღეს მოვისმინეთ განსხვავებული მოსაზრებები და თითოეულმა თქვენგანმა გააკეთა არჩევანი. ეს არის პარტიის სიძლიერე, როდესაც ხალხი უსმენს და ირჩევს. არ არსებობს რთული თემა, თუ ხალხს ელაპარაკები გულახდილად, გახსნილად და ობიექტურად. ჩემი ამოცანა იქნება, ვიყო გულწრფელი და ობიექტური და ვისაუბრო იმ რთულ თემებზე, როგორზეც დღეს ვისაუბრეთ, რადგან სწორედ გულახდილობა და სიმართლე არის გასაღები, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გააერთიანებს", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ