"ახალგაზრდა ადვოკატები" შს მინისტრს საგანგებო განცხადებით მიმართავენ

უფლებადაცვითი ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" ქობულეთის პოლიციის უფროსისა და პოლიციის თანამშრომლების მიერ სამი ახალგაზრდის გატაცებაზე საუბრობს. 

ამ თემაზე "ახალგაზრდა ადვოკატები" ხვალ დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებენ და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავენ.

მიმართვაში იურისტები ყურადღებას კონკრეტული გადაწყვეტილებების მართებულობაზე გაამახვილებენ. ბრიფინგზე გატაცებული ახლგაზრდების ჩვენების წარდგენაც იგეგმება, რომლის თანახმადაც, ქობულეთის პოლიციის უფროსმა და მასთან ერთად, კიდევ სამმა სამართალდამცველმა, სამი ადგილობრივი უკანონოდ დააკავა, სამმართველოში გადაიყვანა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

"ადგილი ჰქონდა დამამცირებელი ხასიათის ძალმომრეობასაც", - განმარტავენ ორგანიზაციაში.

"ახალგაზრდა ადვოკატები" მომხდარს სისტემური დანაშაულის გამოვლინებად აფასებს და გამოძიების დასრულებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას ითხოვს.