41 წლის მალხაზ ნონიაძის საქართველოში ჩამოსვენების შეფერხების მიზეზებზე მოკვლევა მიმდინარეობს

41 წლის მალხაზ ნონიაძის საქართველოში ჩამოსვენების შეფერხების მიზეზებზე მოკვლევა მიმდინარეობს

41 წლის მალხაზ ნონიაძის საქართველოში ჩამოსვენების შეფერხების მიზეზებზე მოკვლევა მიმდინარეობს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, თუ რატომ შეფერხდა ცხედრის საქართველოში ჩამოსვენების პროცესი, ეს ცოტა ხანში გაირკვევა. "ვინ არის ამაში დამნაშავე, ამაზე მიმდინარეობს მოკვლევა. არის ეს გამომგზავნი კომპანია თუ ავიაკომპანია, რის გამოც მოხდა ის, რომ ცხედრის ჩამოსვენება ვერ განხორციელდა ისე, როგორც ეს იყო დაგეგმილი, გაირკვევა უახლოეს ხანში და დამატებით შეგატყობინებთ", – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, 41 წლის მალხაზ ნონიაძის ცხედარს საქართველოში დღეს 17:00 საათზე ჩამოასვენებენ. "სანკტ-პეტერბურგიდან ცხედრის გადმოსვენების თაობაზე სამინისტროში არის ინფორმაცია. იმედი მაქვს, ამას ხელს აღარაფერი შეუშლის. დღეს, 17:00 საათზე, სტამბულის რეისით მოხდება სანკტ-პეტერბურგში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ჩამოსვენება. ოჯახი ამის თაობაზე უკვე ინფორმირებულია", – აღნიშნა ფანჯიკიძემ.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "Turkish Airlines"-ის რეისიდან ცხედარი დაიკარგა. 41 წლის მალხაზ ნონიაძის ცხედარი სტამბული-თბილისის რეისით უნდა ჩამოესვენებინათ. ოჯახის წევრები მას გუშინ დილით ელოდებოდნენ, თუმცა, აეროპორტში მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ცხედარი გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა.

კომპანია "Turkish Airlines"-ის საქართველოს წარმომადგენლობაში კი "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ცხედარი შეცდომით კორეაში გადაასვენეს. "ცხედარი ისევ სტამბულშია და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მისი გადმოსვენება თბილისში დღეს მოხდება. რეისი სტამბულიდან 16:25 საათზე ჩამოფრინდება", - აღნიშნეს "Turkish Airlines"-ის წარმომადგენლებმა.