მაია ფანჯიკიძე ვანუატუსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს

მაია ფანჯიკიძე ვანუატუსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ვანუატუსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს. 

როგორც მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვანუატუს რესპუბლიკამ, რომელსაც აღიარებული ჰქონდა ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. მისი თქმით, ვანუატუს მთავრობამ მიმდინარე წლის 18 მარტს გამოთქვა სურვილი, რომ გაუგებრობა აღმოფხვრილიყო და მას საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაემყარებინა.

"მარტის ბოლოს ვანუატუში შეიცვალა მთავრობა, რომელთანაც ჩვენ დავიწყეთ აქტიური დიპლომატიური მუშაობა. ეს მუშაობა წარმატებით დასრულდა. გუშინწინ, 12 ივლისს, როდესაც ნიუ-იორკის ელჩსა და საქართველოს მუდმივმოქმედ წარმომადგენელს შორის მოეწერა ხელი ოქმს, საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე, აღსანიშნავია, რომ ამ ოქმში არის ჩანაწერი, რომ ვანუატუ პატივს სცემს საქართველოს ტერიტირიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ამყარებს მასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს საერთაშორისო ნორმებით აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რაც გულისხმობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის ტერიტორიებსაც,"- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, ვანუატუმ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობი საქართველოსთან მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გათვალისწინებით. "ეს არის საერთაშორისო პრინციპების აღდგენა. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი. იმედი მაქვს, ოკეანეთის სხვა ქვეყნები, რომლებსაც აღიარებული აქვთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებლობა, ვანუატუს მიბაძავენ", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.