შვეიცარიაში 11 ქართველის დაკავებაზე საქართველოს საგარეო უწყებას ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ მიუღია

შვეიცარიაში 11 ქართველის დაკავებაზე საქართველოს საგარეო უწყებას ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ მიუღია

შვეიცარიაში 11 ქართველის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ მიუღია, - ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაია ფანჯიკიძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ინფორმაცია, რომელსაც "კავკაზსკი უზელი" ავრცელებს, გადასამოწმებელია.

"ინფორმაცია ოფიციალურად საელჩოს ჯერჯერობით არ მიუღია. "კავკაზსკი უზელის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, 11 ქართველი დაკავებულია, რომელთაც ბრალი ედებათ 23 ძარცვის ფაქტზე. ცხრის დეპორტაციის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ხოლო ორი შვეიცარიაში რჩება საპატიმროში. ჩვენი საელჩო ორშაბათს მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

"კავკაზსკი უზელის" ცნობით, შვეიცარიის პოლიციამ ძარცვის ბრალდებით, საქართველოს 11 მოქალაქე დააკავა. დაკავებულებმა ბოლო რვა თვის განმავლობაში 23 ძარცვა განახორციელეს, რის გამოც მიყენებული ზარალი 350 ათას დოლარს შეადგენს.

პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილთა ინტერესს ფული და ოქროულობა წარმოადგენდა, რომელსაც შვეიცარიელების ქალაქგარეთ არსებული სახლებიდან იპარავდნენ.

ამასთან, ცნობილია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ 9 დაკავებულის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო, რომლებსაც მათ ქვეყანაში შესვლის უფლება ჩამოერთვათ, საქართველოს ორი მოქალაქე კი სასამართლოს სხდომამდე, შვეიცარიაში პატიმრობაში დარჩება.