პრემიერი სოფელ ხიდისთავის მოსახლეობას გზის რეაბილიტაციას დაჰპირდა

პრემიერი სოფელ ხიდისთავის მოსახლეობას გზის რეაბილიტაციას დაჰპირდა

პრემიერ-მინისტრი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის მოსახლეობას გზის რეაბილიტაციას დაჰპირდა. როგორც "ინტრეპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი ხიდისთავიდან იუწყება, ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, წინა ხელისუფლება სოფლებში გზებს საიუბილეო ღონისძიებების მოახლოებისას აგებდა, თუმცა ეს ახალი მთავრობის სტილი არ არის. 

"სირცხვილია, რომ ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზა პრაქტიკულად არ არის. გზის მშენებლობა ხვალიდან დაიწყება", - განაცხადა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილს სოფელ ხიდისთავში, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში თეატრალიზებული დახვედრა მოუწყვეს. გათამაშდა სცენა ფილმიდან "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი". პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაზე ისაუბრა და წაიკითხა ამონარიდები მისი ნაწარმოებებიდან.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ნოდარ დუმბაძე იყო გამორჩეული ქართველი მწერალი, რომელიც ქართველ მკითხველს განსაკუთრებულად უყვარს. "მისნაირი იუმორი არავის ჰქონდა. მას არაჩვეულებრივად შეეძლო თუნდაც ყველაზე ტრაგიკული გმირების კომიკურად წარმოჩენა", - აღნიშნა პრემიემა.

ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ დეპუტატმა ვანო კიღურაძემ ხიდისთავის მოსახლეობას "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი წარუდგინა. როგორც კიღურაძემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მარგველაშვილის საარჩევნო კამპანია ამ სოფლიდან იწყება.

ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში შეკრებილებს გიორგი მარგველაშვილმაც მიმართა და აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან ინტენსიური შეხვედრები ექნება.
ჩოხატაურში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

ჩოხატაურის რაიონში, ნოდარ დუმბაძის 85 წლისთავის აღსანიშნავად, სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. გაიხსნება ასევე დიდი ქართველი მწერლის საიუბილეო დღეები; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო თეატრის მსახიობები გამართავენ წარმოდგენას, შესრულდება ნაწყვეტი დუმბაძის ნაწარმოებიდან "მე ვხედავ მზეს".

გარდა ამისა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის საღამო გაიმართება, რაიონის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი "ხასანბეგურა" კი კონცერტს ჩაატარებს.