არჩილ კბილაშვილი - პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებთან დაკავშირებით, მთავრობა თომას ჰამერბერგის რეკომენდაციებს ელოდება

არჩილ კბილაშვილი - პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებთან დაკავშირებით, მთავრობა თომას ჰამერბერგის რეკომენდაციებს ელოდება

პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებთან დაკავშირებით შევეცდებით, დაბალანსებული და სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა სასტუმრო "თბილისი მერიოტში" ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ელოდება საქართველოს მთავრობის მრჩევლის, თომას ჰამერბერგის რეკომენდაციებს აღნიშნულთან დაკავშირებით, რის შემდეგაც გადაწყვეტილების მიღება მოხდება. კბილაშვილის განმარტებით, პირადი ცხოვრების ამსახველ მასალასთან დაკავშირებით არსებობს ორი აზრი, კერძოდ, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ კადრები დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ თავდაპირველად უნდა ჩატარდეს გამოძიება, დადგინდეს ორგანიზატორის ვინაობა და კადრები მოგვიანებით განადგურდეს. თუმცა, მთავარი პროკურორის განცხადებით, ყველა თანხმდება, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა მოპოვებული იყო უკანონოდ, არის მანკიერება და უნდა განადგურდეს.

"თომას ჰამერბერგმა გვირჩია, რომ ის ექსპერტებთან მოითათბირებს ამ სფეროში საერთაშორისო სამართლის კუთხით, მოგვაწვდის რეკომენდაციას დაახლოებით 1 კვირაში, ამის შემდეგ დავუბრუნდებით ამ საკითხს და ინტერესის კოლიზიიდან გამომდინარე, შევეცდებით დაბალანსებული და სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.