ბიძინა ივანიშვილი დღეს ჩოხატაურს ეწვევა

ბიძინა ივანიშვილი დღეს ჩოხატაურს ეწვევა

დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ნოდარ დუმბაძის 85 წლისთავის აღსანიშნავად, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში, ნოდარ დუმბაძის სახლმუზეუმს დღეს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრები ეწვევიან .

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტი ჩოხატაურიდან იტყობინება, ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობის წევრებს ჩოხატაურში 14:00 საათისთვის ელოდებიან.

დღეს ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. იუბილის ფარგლებში დილიდან ყვავილებით შეამკეს ჩოხატაურის ცენტრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერში მდებარე ბიუსტი; დღეს გაიხსნება ასევე დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის საიუბილეო დღეები; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო თეატრის მსახიობები გამართავენ წარმოდგენას, შესრულდება ნაწყვეტი დუმბაძის ნაწარმოებიდან "მე ვხედავ მზეს".

გარდა ამისა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის საღამო გაიმართება, რაიონის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი "ხასანბეგურა" კონცერტს ჩაატარებს; 14:00 საათზე კი, სოფელ ხიდისთავში, ნოდარ დუმბაძის სახელობის სახლ–მუზეუმში სტუმრებისთვის მიღება გაიმართება.

დღესვე, 15:00 საათზე ლახტში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველობა მოეწყობა; 16:00 საათზე ქ. თბილისის ნ. დუმბაძის სახ. მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლ "კუკარაჩას" წარმოდგენა გაიმართება..