კახა კახიშვილი - პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას ერთი კვირის ვადაში მიიღებენ

კახა კახიშვილი - პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას ერთი კვირის ვადაში მიიღებენ

პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას ერთი კვირის ვადაში, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მიიღებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული მასალების საქმესთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრმა კახა კახიშვილმა აცნობა.

როგორც კახიშვილმა შსს-ში დღეს გამართული სხდომის შემდეგ განაცხადა, კომისიის წევრებმა და შეხვედრის მონაწილეებმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, თომას ჰამარბერგს თხოვნით მიმართეს, რომ ერთი კვირის ვადაში წარმოადგინოს წერილობითი ცნობა იმასთან დაკავშირებით, მსგავს სიტუაციებში თუ რა საერთაშორისო პრაქტიკა მოქმედებს.

კახიშვილის თქმით, კომისიის წევრები თანხმდებიან, რომ მსგავსი მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღებისას საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებას დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, საბოლოო პოზიცია ჰამარბერგის რეკომენდაციების შემდეგ, 1 კვირის ვადაში დაფიქსირდება.

პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების საკითხზე შსს-ში სპეციალურმა კომისიამ იმსჯელა. კომისიის სხდომაში მონაწილეობას შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თომას ჰამერბერგი იღებდნენ.