მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან

მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან

"ცენტრ პოინტის" დამფუძნებლები, ბრალდებულები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან. მესამე ბრალდებულმა "დექსუსის" დამფუძნებელმა, ივანე ცაგურიამ კი საქალაქო სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ უკომენტაროდ დატოვა. როგორც ბრალდებულმა რუსუდან კერვალიშვილმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, მისთვის მოულოდნელი იყო მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება და განსაკუთრებით გაახარა გადაწყვეტილებამ ივანე ცაგურიას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. 

ამასათ, რუსუდან კერვალიშვილი, ჯერჯერობით, ვერ საუბრობს შეძლებს თუ არა დაკისრებული 250 000-ლარიანი გირაოს თანხის გადახდას.

"კმაყოფილი ვარ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით და მადლობა მინდა გადავუხადო მოსამართლეს ჩემთვის საქმიანობის გაგრელებისა და მოვალეობის შესრულების საშუალების მოცემისთვის, ხოლო ივანე ცაგურიას პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის. ჯერჯერობით, პასუხი არ მაქვს საიდან უნდა გადავიხადო აღნიშნული თანხა, თუმცა სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი იყო", - განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.

მაია რჩეულიშვილი კი აცხადებს, რომ გირაოს თანხის გადახდას შეძლებს. მისი თქმით, 250 000 ლარის დაკისრებით საშუალება ეძლევა, რომ დაკისრებული მოვალეობები მოქალაქეებთან დაკავშირებით შეასრულოს.

"ჩვენ მოვალეობების შესრულების პროცესში უკვე ვართ, ყველა გაჩერებული ობიექტი დაძრულია და ვფიქრობ, ერთ წელიწადში ყველა მოვალეს დავაკმაყოფილებთ", _ განაცხადა მაია რჩეულიშვილმა.

საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს აღმკვეთ ღონისძიებად 250-250 ათას ლარიანი გირაოს გადახდა 30 დღის ვადაში დაეკისრა. ამასთან, ორივე ბრალდებულმა 24- საათის განმავლობაში პროკურატურას უნდა ჩააბარონ პასპორტები.

რაც შეეხება "დექსუსის" დამფუძნებელ ივანე ცაგურიას, მას სასამართლომ 100 000- ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა..

პროკურატურა რჩეულიშვილისა და კერვალიშვილთან მიმართებაში, თითოეულისთვის გირაოს თანხის მილიონით განსაზღვრას ითხოვდა, ხოლო ბრალდების მხარის შუამდგომლობით, ივანე ცაგურიას პატიმრობა უნდა შეფარდებოდა. მოსამართლემ ცაგურიასთან მიმართებაში ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ხოლო კერვალიშვილთან და რჩეულიშვილთან მიმართებაში შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 სექტემბერს ჩაინიშნა.