27 ოქტომბრიდან საქართველო მიიღებს სამ ვეშაპზე დაფუძნებულ ხელისუფლებას – ეს იქნება პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, კოალიცია "ქართული ოცნება" არჩევნებში გამარჯვებისთვის უკვე ემზადება.
"ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის. საქართველოში ოქტომბრიდან მივიღებთ სამ ვეშაპზე დაფუძნებულ ხელისუფლებას – ეს იქნება პრემიერი, პარლამენტი და პრეზიდენტი", - განუცხადა დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრსა და უმრავლესობას შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, დეპუტატის თქმით, საუბარი ძირითადად სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხებოდა.
"ჩვენ ვსაუბრობდით დაგეგმარებაზე, იმაზეც, თუ რა მესიჯებით გავდივართ არჩევნებზე - ნორმალური სამუშაო შეხვედრა იყო", - აღნიშნა დეპუტატმა.