"ვერ გადავიხდით ძალიანაც რომ გვინდოდეს, რადგან ამდენი თანხა არ გვაქვს"

მაია რჩეულიშვილის მეუღლის ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადებით, "ისინი გირაოს თანხად მილიონს ვერ გადაიხდიან, რადგან არ აქვთ".

ასე გამოეხმაურა ვახტანგ რჩეულიშვილი პროკურატურის შუამდგომლობას, რომლის თანახმადაც, ბრალდების მხარე მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად მილიონ-მილიონი ლარის შეფარდებას მოითხოვს.

"ვერ გადავიხდით ძალიანაც რომ გვინდოდეს, რადგან ამდენი თანხა არ გვაქვს. რუსუდანი მილიონს კი არა, 10 ლარსაც არც გადაიხდის. მისი პოზიციაა, რომ თუ დასაჭერია, დაიჭირონ. გუშინ, 02:00 საათზე პროკურატურიდან ძლივს გამოაძევეს. დეპუტატები გამოეხმაურნენ ამ საკითხს, განსაკუთრებით ისინი, ვინც ბიზნესში ჩახედულები არიან და იციან, რა დღეშია ჩვენი კომპანია და ძალიან კარგი შუამდგომლობა დაწერეს. ისინი ითხოვენ, რომ სასამართლომ მკაცრი ღონისძიება არ გამოიყენონ, ეს თავდებობაა პრაქტიკულად", - განაცხადა რჩეულიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო მაია რჩეულიშვილის, რუსუდან კერვალიშვილისა და ივანე ცაგურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე 16:00 საათზე იმსჯელებს.

მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს ბრალი თაღლითობასა და დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში ედებათ.

რაც შეეხება "დექსუსის" დამფუძნებელს ივანე ცაგურიას, მას ბრალი თაღლითობაში დახმარებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვაში ედება.