ქეთევან ციხელაშვილი ბათუმში მცხოვრებ აფხაზებს შეხვდა

ქეთევან ციხელაშვილი ბათუმში მცხოვრებ აფხაზებს შეხვდა

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ბათუმში მცხოვრებ აფხაზებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ქეთევან ციხელაშვილმა მათ ის პრიორიტეტები გააცნო, რომელიც სამოქალაქო ჩართულობას ითვალისწინებს. მისივე თქმით, სახელმწიფო სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით ახალი პოლიტიკის შემუშავების პროცესშია, ამიტომ იგი მზად არის მოისმინოს სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების შენიშვნები და რჩევები.

"მიხარია, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა შევხვდეთ აფხაზური მოსახლეობის ნაწილს. ჩვენი ამოცანაა, მათ გავაცნოთ სახელმწიფოს პოლიტიკა სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ეროვნული კონცეფცია შემწყნარებლობის და სამოქალაქო ინტეგრაციის და ვართ ახალი პოლიტიკის შემუშავების ფაზაში. ამიტომ, დღეს ერთმანეთს ვუზიარებთ შეხედულებებს. გავეცნობით რა პრობლემები აქვთ აფხაზებს ბათუმში", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

აფხაზ ქალთა ორგანიზაცია "ამრას" ხელმძღვანელი სვეტლანა კუდბა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა აფხაზური ენის შენარჩუნებაა, რასაც სახელმწიფომ, პირველ რიგში, უნდა მიაქციოს ყურადღება.

"გამოკვეთილი პრობლემა ის არის, რომ ზვიად გამსახურდიას პერიოდის შემდეგ საქართველოს პალამენტში არც ერთი აფხაზი დეპუტატი არ არის. აფხაზი მიიტანდა იმ პრობლემებს, რაც აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზებს, კერძოდ, აფხაზური ენა ნელ-ნელა იკარგება", - აღნიშნა სვეტლანა კუდბამ.