პრემიერი უმრავლესობას მოუწოდებს, სასამართლოზე გავლენის მქონე განცხადებებისგან თავი შეიკავონ

პრემიერი უმრავლესობას მოუწოდებს, სასამართლოზე გავლენის მქონე განცხადებებისგან თავი შეიკავონ

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის წევრებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომლებმაც სასამართლოზე შესაძლოა, გავლენა მოახდინოს. 

შესაბამისი განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში ურეკის კულტურის ცენტრში უმრავლესობის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, პრემიერის თქმით, საუბრის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნები იყო.

"ასეთი ტიპის შეხვედრებს რეგულარულად ვმართავთ, რომელზეც ქვეყანაში არსებულ ვითარებას განვიხილავთ. დღეს საუბრის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნები იყო, როგორ უნდა წარიმართოს საპრეზიდენტო კამპანია – ყველა კანდიდატს ექნება კამპანიის წარმოების თანაბარი შესაძლებლობა და არ მოხდება ისე, როგორც წინა წლებში იყო. სუფთა წინასაარჩევნო კამპანია წარიმართება", - განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მკაცრად გაკონტროლდება ისიც, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ მოხდეს.