ნიკა მელია შს მინისტრს, მთავარ პროკურორს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს

ნიკა მელია შს მინისტრს, მთავარ პროკურორს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს

მთაწმინდის რაიონის გამგებელი ნიკა მელია შს მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს მიმართავს , დაინტერესდნენ თუ როგორ აღმოჩნდა საკრებულოს წევრი ირაკლი შიხიაშვილი ბანკი "ქართუს" გაკოტრების მცდელობის საქმეში პასუხისმგებლობის მიღმა.

როგორც ნიკა მელიამ დღეს "პირველი რადიოს" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არსებობს ირაკი შიხიაშვილის მიერ 2012 წლის ნოემბერში მოწმის სტატუსით მიცემული ჩვენება, სადაც იგი დეტალურად აღწერს მისი დანაშაულებრივი კავშირის შესახებ ბანკი "ქართუს" გაკოტრების მცდელობასთან დაკავშირებით.

ნიკა მელიას განმარტებით, აღნიშნულ საქმეში, ანალოგიური 30-მდე ჩვენება არსებობს, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესმენმა და ყოფილმა სახელმწიფო მოხელეებმა მისცეს, თუმცა უკლებლივ ყველა მათგანი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში გარდა ირაკლი შიხიაშვილისა.

"მხოლოდ გაუგონარი გამონაკლისი გავრცელდა ირაკლი შიხიაშვილის მიმართ, სწორედ ამიტომ მინდა მივმართო შს მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, გენერალურ პროკურორს და პარლამენტის თავმჯდომარეს დაინტერესდნენ აღნიშნული საქმით, ვინაიდან, სახეზე გვაქვს კლასიკური მაგალითი სისხლის სამართლის საქმეში ორმაგი სტანდარტის. სახეზე გვაქვს შემთხვევა, როდესაც ირაკლი შიხიაშვილი დადგა კანონზე მაღლა. მე მაინტერესებს, ვისი დამხარებით მოხერხდა ის, რომ იგი დარჩა სიხლის სამართლებრივი დევნის მიღმა. მაშინ, როდესაც ეს ვერ მოახერხა ვერავინ ამ საქმეში", – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო სლოგანი იყო "სამართლიანობა უნდა აღდგეს", თუმცა შიხიაშვილის შემთხვევა სრულიად საპირისპიროს ადასტურებს, რადგან საქმე გვაქვს მიკერძოებულ მართლმსაჯულებასთან.

ნიკა მელია განმარტავს, რომ სს "ეკრანი", რომლის დამფუძნებელიც და 75 %-იანი წილის მფლობელი ირაკლი შიხიაშვილი იყო, მონაწილეობას ღებულობდა ბანკი "ქართუს" გაკოტრების მცდელობის საქმეში.


"ჩვენებით ირკვევა, რომ მან თვალთმაქცურად, მეგობარზე გადააფორმა წილი და მას შემდგე რაც მოხდა ქონების ბანკისთვის წართმევა, თვალთმაქცურად შპს "კოლოსი" დააარსა და დაარეგისტრირა მისი ყოფილი ქონება", _ განამარტა ნიკა მელიამ.

მისივე ინფორმაციით, ირაკლი შიხიაშვილმა ბანკი "ქართუსგან" 2011 წელს კრედიტის სახით 400 000 დოლარამდე თანხა გამოიტანა, ვინაიდან, ვერ ახერხებდა კრედიტის გადახდას მონაწილეობა მიიღო ბანკი "ქართუს" გაკოტრების მცდელობის სქემაში.