მთავარმა პროკურატურამ წინა ხელისუფლების პერიოდში ჩამორთმეული ავტომანქანები სამ მესაკუთრეს უკვე დაუბრუნა. შესაბამისი პროცესი ქუთაისიდან დაიწყო. მესაკუთრეებს თავიანთი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გასაღები ქუთაისის საოლქო პროკურორმა გადასცა.
"სატრანსპორტო საშუალებების ჩამორთმევის საქმეებზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება, თუმცა მიუხედავად ამ ადამიანების არაერთი მოთხოვნისა, სატრანსპორტო საშუალებების დაბრუნების გადაწყვეტა ჭიანურდებოდა და ამოღებული ავტომანქანები გადაეცემოდა სახელმწიფოს. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის ერთობლივი გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაწყებული გამოძიება წყდება და ამოღებული მანქანები უბრუნდებათ მეპატრონეებს", - განაცხადა მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ ქუთაისის საოლქო პროკურატურაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, პროკურატურა იმ ავტომანქანებს აბრუნებს, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული არაა.
"იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაბრუნების უფლებამოსილება, რომლებიც უკვე გადაცემულია სახელმწიფოსთვის, პროკურატურას არ გააჩნია", - აღნიშნა პაიჭაძემ.
პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის თქმით, ქუთაისის გარდა, შესაბამისი პროცესი 13:00 საათზე აჭარაში, ბათუმის საოლქო პროკურატურაში, შემდეგ კი რუსთავის პროკურატურაში გაიმართება.
"ეს პროცესი გაგრძელდება ქვეყნის ყველა ტერიტორიულ ორგანოში",- აღნიშნა პაიჭაძემ.