განათლების მინისტრის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრთან უკვე შეთანხმებულია

განათლების მინისტრის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრთან უკვე შეთანხმებულია

განათლების მინისტრის პოსტზე გიორგი მარგველაშვილის შემცვლელის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრთან უკვე შეთანხმებულია. ამის შესახებ ურეკში, ბიძინა ივანიშვილისა და უმრავლესობის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს თავად განათლების მინისტრმა და კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა.

"კანდიდატურა განხილულია ბატონ ბიძინასთან და ამ კანდიდატურის შესახებ უახლოეს მომავალში მოვახსენებთ საზოგადოებას", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება ურეკის კულტურის სახლში მიმდინარე შეხვედრას, მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები იქნება.

"რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ვემზადებით უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ღონისძიებისთვის, ესაა საპრეზიდენტო არჩევნები და ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, საჭიროა კოორდინაცია და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება", - განმარტა მარგველაშვილმა.