კოტე კუბლაშვილი თენგიზ გუნავას საქმეში ზეწოლის ნიშნებს ვერ ხედავს

კოტე კუბლაშვილი თენგიზ გუნავას საქმეში ზეწოლის ნიშნებს ვერ ხედავს

უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორის, თენგიზ გუნავას საქმეში ზეწოლის ნიშნებს ვერ ხედავს. როგორც კოტე კუბლაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, თეგიზ გუნავას საქმე უზენაეს სასამართლოში არ განხილულა.

"საქმე მხოლოდ პირველ ინსტანციაში განიხილეს, მოსამართლემ იმსჯელა და შეაფასა მტკიცებულებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება. საქმეში ვერ ვხედავ ზეწოლის ნიშნებს. ზეწოლის ნიშნები, რომ არსებობდეს შემდგომი ინსტანციის სასამართლოში გაირკვევა" , _ აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, თენგიზ გუნავას სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

თენგიზ გუნავა დამნაშავედ ცნეს ბრალდების სამი ეპიზოდიდან ორში – ბენზინის ტალონებისა და სახელმწიფო ქონების მითვისებაში. ხოლო ბრალდების მესამე ეპიზოდით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ეხება და გულისხმობს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსობის პერიოდში მძღოლის დაჭრის ბრალდებას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თენგიზ გუნავა აღნიშნულ ეპიზოდში უდანაშაულოა.

რაც შეეხება ბრალდების ორ ეპიზოდს, რომელშიც იგი დამნაშავედ ცნეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გუნავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ამინისტიის საფუძველზე აღნიშნული სასჯელი 4 წლამდე შემცირდება. თენგიზ გუნავა განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.