ანდრო ბარნოვი - სამარცხვინოა, რადგან ვინმე ბედუკაძეზე შეწყდა გამოძიება, ხოლო რეალური გმირები სასამართლოს წინაშე თავს იმართლებენ

ანდრო ბარნოვი - სამარცხვინოა, რადგან ვინმე ბედუკაძეზე შეწყდა გამოძიება, ხოლო რეალური გმირები სასამართლოს წინაშე თავს იმართლებენ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, თენგიზ გუნავას დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა განაცხადა, სასამართლოს გუნავას დაკავების უმცირესი საფუძველიც კი არ ჰქონდა.

"ახალი ხელისუფლება თენგიზ გუნავას დიდი ხანია დევნის. მას ჩაუდეს იარაღი და ნარკოტიკები და ახორციელებდნენ მასზე სასამართლო ზეწოლას, თუმცა, დღემდე ვერაფერი დაუმტკიცეს. მე გუშინ ვესაუბრე თენგოს და მის ადვოკატს, გამოვიკითხე დეტალები და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლოს არ ჰქონდა გუნავას დაკავების უმცირესი საფუძველიც კი. ერთ ეპიზოდში, სადაც საუბარია საწვავის ხარჯზე, მის წინააღმდეგ არგუმენტი არ არსებობს და ამაში დარწმუნებულია ყველა, ვინც გაეცნო საქმის დეტალებს. მეორე ეპიზოდში მას ედავებიან თანხის მითვისებას, სადაც რეალურად არის საუბარი უმნიშვნელო ადმინისტრაციულ გადაცდომაზე, ანუ იმაზე, რომ მან რაღაც ეპიზოდში პატაკის დაწერა დააგვიანა. სამწუხაროდ, სასამართლო არ დაინტერესდა თავის დროზე იმით, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს სინამდვილეში პატაკის არდაწერა. ეს არის ადმინისტრაციული დარღვევა და ისიც მხოლოდ დაგვიანებაზე. გამოძიებას თავდაპირველად შეეძლო ამ დეტალების დადგენა, რათა დაედგინა რეალური გარემოებები საქმის ირგვლივ", - აღნიშნა ანდრო ბარნოვმა.

მისივე თქმით, თენგიზ გუნავას საქმიანობა მოიცავდა რთულ სფეროებს და მას არ შეეძლო ყველა დეტალი გაენდო გამომძიებლებისთვის. "აღსანიშნავია სწორედ ეს ფაქტი, რომ გუნავა ითხოვდა იმ გამომძიებლებისგან დაკითხვას, რომელთაც დაშვება ჰქონდათ საიდუმლო ინფორმაციაზე და ესეც არ იქნა გათვალისწინებული", - განაცხადა ბარნოვმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს ისტორიაში სამარცხვინო ფაქტია, რადგან ვინმე ბედუკაძეზე ახალი ხელისუფლება წყვეტს გამოძიებას, ხოლო საქართველოს რეალური გმირები სასამართლოს წინაშე თავს იმართლებენ.

"თენგიზ გუნავა ოთხჯერ არის დაჯილდოებული იმ გმირობისთვის, რომელიც მას აქვს გაკეთებული. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ გუნავა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლია. ძალიან მძიმეა იმის გააზრება, რომ დღეს ის და ბევრი მებრძოლი სასამართლოს წინაშე იმართლებს თავს, ამ დროს კი ახალი მთავრობა ლამის გმირად აცხადებს ვინმე ბედუკაძეს, სთხოვს მის წინააღმდეგ გამოძიებას და მის რეაბილიტაციას ცდილობს. დღევანდელი დღე იქნება ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო საქართველოს ისტორიაში", - აღნიშნა ანდრო ბარნოვმა.