"უმაღლესი განათლების" შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიღებულია

პარლამენტმა "უმაღლესი განათლების" შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. წარმოდგენილი კანონპროექტით, აკადემიური პერსონალის შემადგენლობას ასისტენტის აკადემიური თანამდებობა ემატება, რომელიც სასემინარო და კვლევით სამუშაოებს განახორციელებს.

განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისა და დეკანის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშების წესი.

კანონპროექტითვე რეგულირდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის ფორმირებისა და დამტკიცების წესი.

რაც შეეხება უმაღლესი სასწავლებლების რექტორის მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის საკითხს, განათლების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, კანონპროექტში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, უმაღლესი სასწავლებლის რექტორის მოვალეობის შემსრულებლებს პრემიერ-მინისტრი აღარ დანიშნავს.

ცვლილების თანახმად, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში ყველა ის პირი შევა, ვისაც უნივერსიტეტში აქვს აკადემიური, ან სამეცნიერო თანამდებობა და აქვს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.