ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე გადაცემა "ღია ეთერში" პატიმარ რატი რეხვიაშვილის დედამ მისი შვილის წამებაში დაადანაშაულა.
"მე ვარ რატი რეხვიაშვილის დედა. თქვენ ამბობთ, რომ თურმე წამებაში არ მიგიღიათ მონაწილეობა, მაგრამ რა ვუყო ჩემს დასერილ შვილს, რომელსაც შენ მარილს აყრიდი, აწამებდი, რომ "საქათმეში" შეგეყვანა?! რა ვუყო იმ ჩემს გაწამებულ შვილს, რომელმაც დღეს გაიგო, რომ მწამებელი ბედუკაძე, რომელიც იმას აკეთებდა, რაც არ უნდა გაგეკეთებინათ, დღეს გმირი გამოდიხართ და უსირცხვილოდ თავს არ ხრით?!. არ გრცხვენიათ?! ვინ გთხოვდათ, რომ ისედაც წამებული პატიმარი გეწამებინათ?! ვინ იდგა თქვენს უკან?!", - მიმართა პატიმრის დედამ ბედუკაძეს და იქვე განაცხადა, რომ მისი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებით მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დაზარალებულ ადამიანებს "ლაფი დაასხა".
ციხის კადრების ავტორმა პატიმრის დედას გადაცემაშივე უპასუხა და აღნიშნა, რომ რატი რეხვიაშვილს საერთოდ არ იცნობს. "მე ვიცი რატი რეხვიაშვილის ისტორია პრესის ფურცლებიდან, რომ მან სავაჭრო ცენტრში მოკლა პოლიციის თანამშრომელი, მაგრამ მე ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ, არ მიმიღია დაწესებულებაში, მისთვის თითი არ დამიდია", - აღნიშნა ბედუკაძემ, რომლის მტკიცებითაც, პატიმრის დედა, რომელიც მისი შვილის წამებაში ადანაშაულებს, "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი იყო.