ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე ადასტურებს, რომ ერთ-ერთYვიდეომასალაში მისი ხმა ისმის და წამების მსხვერპლს მიმართავს.
როგორც ბედუკაძემ გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა, მისი ხმა იყო აუცილებელი გარემოება და პირობა, რომ ვიდეოფირებს "გავლენა მოეხდინა".
"ვადასტურებ, რომ ჩემი ხმა ისმის. დიახ, მსხვერპლს მივმართავ, მაგრამ ხმა იყო აუცილებელი გარემოება და პირობა, ამას უნდა ჰქონოდა გავლენა. მე ვიღებდი სპეციალურად და იმ განწყობით, რომ სააშკარაოზე გამომეტანა", - განაცხადა ბედუკაძემ და იქვე აღნიშნა, რომ მას შეეძლო სააშკარაოზე 5 ვიდეომასალიდან 2, რომელშიც მისი ხმა ისმის, არ გამოეტანა, მაგრამ ეს გააკეთა.
ამასთან, ბედუკაძის მტკიცებით, მას პატიმრების წამებაში მონაწილეობა არ მიუღია. "ვეთანხმები პრემიერის პოზიციას, რომ წამებაში ეჭვმიტანილი პირი არ უნდა გათავისუფლდეს საერთაშორისო პასუხისმგებლობისგან. რა თქმა უნდა, ეს საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალულია, მაგრამ მე წამებაში არ ვმონაწილეობდი, მე მხოლოდ ვიღებდი", - აღნიშნა ბედუკაძემ.