საბავშვო ბაღებში გადასახადის აკრძალვის გადაწყვეტილება მიღებულია

საბავშვო ბაღებში გადასახადის აკრძალვის გადაწყვეტილება მიღებულია

საბავშვო ბაღებში გადასახადის აკრძალვის გადაწყვეტილება მიღებულია. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" და "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" კანონებში შესატანი ცვლილებები გუშინ მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს.

ცვლილებების თანახმად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება, ასევე სასწავლო-აღმზრდელობითი და სამუშაო რეჟიმის დადგენა თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებად განისაზღვრება. აღნიშნულ დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება იკრძალება. ორ კანონში პირდაპირ იწერება, რომ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ძირითად სასწავლო-აღმზრდელობითი და კვებითი მომსახულებისთვის გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება, აკრძალულია.

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" და "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ" კანონებით განისაზღვრება, რომ სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი პროგრამის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის, ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებები: ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისთვის იქმნება და კომპლექტდება ჯგუფებად, ასაკის გათვალისწინებით; მომსახურების ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება იყოს 9, 10 ან 12-საათიანი, ორი დღის დასვენებით 5-დღიან სამუშაო კვირაში; უნდა ახორცილებდნენ საგანმანათლებლო და ფიზიკური აღზრდის სპეციალურ პროგრამებს. თავის მხრივ პროგრამა შედგენილი უნდა იყოს ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით თითოეული ასაკობრივი ჯგუფისთვის და მიმართული უნდა იყოს გონებრივი და ფიზიკური განმტკიცებისა და ბავშვის ორგანიზმის ფუნქციური შესაძლებლობების სრულყოფისკენ.

ასევე ცვლილებებით ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაღალხარისხიანი სასმელი წყლითა და ცხელი წყლით, გათბობისა და ვენტილაციის სისტემებით, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბავშვთა სრულფასოვანი და მრავალფეროვანი კვებით და სამედიცინო მომსახურებით.

მუნიციპალური საბავშვო ბაღების მთლიანად სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლა, ბიუჯეტს დაახლოებით 60 მილიონი ლარი დაუჯდება.
საკანონმდებლო პაკეტი ძალაში 2013 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევა.