ირაკლი კილაურიძე:

ირაკლი კილაურიძე: "დექსუსი" ივანე ცაგურიას დაკავებით გაკვირვებულია

"დექსუსი" ერთ-ერთი პარტნიორის, ივანე ცაგურიას დაკავებით გაკვირვებულია, - ამის შესახებ კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ირაკლი კილაურიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, "დექსუსი" "სიმართლის დადგენის მიზნით" პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის მზადაა და გამოძიებას ამ გზავნილით უკვე არაერთხელ მიმართა.

როგორც კილაურიძე აცხადებს, "ცენტრ პოინტის" ირგვლივ შექმნილი ვითარების მხოლოდ იურიდიულ ჭრილში განხილვა არ შეიძლება. "აუცილებელია, პარალელურად მოხდეს მისი ფინანსური ანალიზი, რისი საშუალებაც პროკურატურას არ აქვს. შესაბამისად, მზად ვართ, შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენში ძალიან დიდ გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი ივანე ცაგურია დაკავებულია. მიგვაჩნია, რომ მისი დაკავების არანაირი წინაპირობა არ არსებობდა. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ პროკურატურას, მომხდარიყო მისი დაკითხვა, თუმცა ბრალი ისე წაუყენეს, რომ ის დაკითხული არ იყო. ჩვენ ვთვლით, რომ მისი დაკავება უსაფუძვლოა იქიდან გამომდინარეც, რომ მას ამ პერიოდის განმავლობაში არანაირი ზეწოლა არ მოუხდენია იმ ეპიზოდზე, რომელიც გამოძიებისთვის საინტერესოა. ასევე, იგი არაერთხელ ყოფილა საზღვარგარეთ და შემდეგ უკან დაბრუნებულა, ანუ არ არსებობდა იმის საშიშროება, რომ იგი დატოვებდა ქვეყანას და გამოძიებას მიემალებოდა. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ ამ ყველაფრის ლოგიკური დასასრული უნდა იყოს სასამართლო პროცესის შემდეგ ივანე ცაგურიას გათავისუფლება, რათა იგი დაუბრუნდეს ოფისს და განაგრძოს საქმიანობა", - განაცხადა კილაურიძემ.

"დექსუსის" დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ გამოძიების მსვლელობის პროცესში კიდევ ბევრი კითხვა გაჩნდება. ირაკლი კილაურიძემ დღეს მედიას კონკრეტული ციფრებიც დაუსახელა, რომელთა შესახებაც, მისი განმარტებით, "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. კერძოდ, კილაურიძის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პერიოდში "დექსუსმა" ბინებით 6200 კლიენტიდან 4000 დააკმაყოფილა.

როგორც კილაურიძემ აღნიშნა, "ცენტრ პოინტი" და "დექსუსი" ერთმანეთს თბილისის მერიის შუამავლობით დაუკავშირდნენ და კომპანიებს შორის პირველ შეხვედრას თბილისის მერი გიგი უგულავაც დაესწრო.

"გიგი უგულავა იმყოფებოდა მხოლოდ გაცნობით შეხვედრაზე, კომერციულ ურთიერთობებზე მოლაპარაკება კი დამოუკიდებლად გაგრძელდა", - აღნიშნა კილაურიძემ.

რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი ქადაგიძეს, რომელთა ზეწოლასაც უკავშირებენ კომპანიის მართვაში გადაცემას "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლები, ირაკლი კილაურიძე მოლაპარაკებების პროცესში მათ ჩართულობას არ ადასტურებს.