პარლამენტმა

პარლამენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტს მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი ხმა მხოლოდ 9 დეპუტატმა მისცა. 

კენჭი უყარეს ასევე მისგან გამომდინარე ორ კანონპროექტებს, კერძოდ, საქართველოს ორგანულ კანონში "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილების შეტანასა და "სახალხო დამცველის" შესახებ კანონპროექტებს.

დეპუტატებმა პრეზიდენტის მორიგი ვეტო "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზეც 94 ხმით, 9-ის წინააღმდეგ დაძლიეს.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტს ოთხი ძირითადი შენიშვნა ჰქონდა. მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ზოგად წესებს და ასევე მოქმედი საბჭოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს აკრიტიკებდა.

კერძოდ, პრეზიდენტი თვლიდა, რომ ამ მიმართულებით ძალაში კანონის ის მოქმედი ნორმები უნდა დარჩენილიყო, რომელიც პარლამენტის მიერ მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის აღძვრისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის მაღალ კვორუმს ადგენს. მოქმედი ბორდისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით კი, რაც პარლამენტის მიერ მიღებული პროექტის თანახმად, 2014 წლიდან უნდა განხორციელდეს, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას საფრთხის წინაშე დააყენებს.

სააკაშვილს შენიშვნები კანონპროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებითაც ჰქონდა, რომელიც საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადებას ეხება. პრეზიდენტი უნდობლობის გამოცხადების საფუძვლებში საბჭოს პოლიტიკური მოსაზრებებით დათხოვნის საფრთხეს ხედავდა და პარლამენტს კანონპროექტიდან შესაბამისი პუნქტების ამოღებას სთხოვდა.

გარდა ამისა, სააკაშვილისთვის მიუღებელი იყო მაუწყებლის მიერ მარეგულირებელი კომისიისთვის წარსადგენ ინფორმაციასთან დაკავშირებული დამატებითი ვალდებულებები. კერძოდ ის, რომ პარლამენტის მიერ მიღებული პროექტის თანახმად, ეროვნულ მაუწყებელს ეკისრება ყოველი წლის 1-ელ მაისამდე კომისიისთვის გასული წლის აქტივებისა და პასივების, აგრეთვე ინვესტირების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება. პრეზიდენტი მიიჩნევდა, რომ მოქმედი კანონი და ასევე მიღებული ცვლილებები მაუწყებლის საქმიანობის გამჭვირვალობას ითვალისწინებს და გამომდინარე აქედან, დამატებითი ვალდებულების დაკისრება, მაუწყებელს მძიმე ტვირთად დააწვება.

რაც შეეხება კიდევ ერთ ვეტოდადებულ კანონპროექტს, პრეზიდენტმა ხელი პარლამენტის მიერ მიღებულ იმ ცვლილებებს არ მოაწერა, რომლის საფუძველზეც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრების თანამდებობაზე მოხსნა-დანიშვნა მისი პრეროგატივა აღარ იქნება და უფლებამოსილება პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრის ხელში გადავა. ამავე ცვლილებების ფარგლებში პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრი დანიშნავს კომისიის წევრთაგან ერთ-ერთს, კომისიის თავმჯდომარის პოსტზე.