გიორგი კვირიკაშვილი:  ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების კუთხით წინ წავიწიეთ

გიორგი კვირიკაშვილი: ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების კუთხით წინ წავიწიეთ

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების კუთხით წინ წაიწია. 

როგორც მინისტრმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, ვილნიუსის სამიტამდე ყველა დეტალის შეთანხმება მოხერხდება. კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ასოცირების ხელშეკრულება პარაფირებული იქნება.

"ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი შედგა. წავიწიეთ წინ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების კუთხით. პრაქტიკულად, ექვსი რაუნდი ჩატარდა, სადაც ყველა დეტალი თითქმის შეთანხმებულია, რამოდენიმე ტექნიკური დეტალია დარჩენილი. ვფიქრობთ, ვილნიუსის სამიტამდე მოხერხდება ყველაფერზე შეთანხმება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ასოცირების ხელშეკრულება აუცილებლად იქნება პარაფირებული, რომლის შემადგენელი ნაწილიცაა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული კონფერენცია იმის მაჩვენებელია, რომ ამ მიმართულებით პროგრესს აღიარებს ევროკავშირი, რაც დიდი შედეგია. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, "ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული ყველა ინვესტორისთვის, რომ საქართველო განიხილოს არა როგორც ოთხმილიონიანი ქვეყანა, ანუ ბაზარი, სადაც ოთხი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, არამედ მთელი ევროკავშირის სივრცე ხდება მიღწევადი იმ ინვესტიციებისთვის, რომელიც განხორციელდება საქართველოში. იმიტომ, რომ ყველა საქონელი და მომსახურება, რომელიც იწარმოება საქართველოში, შესაძლებელი იქნება, რომ მოხდეს ამის ექსპორტი ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული ინვესტიციებისთვის და საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.